„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაწყებული კონსულტაციები პოლიტიკური დაპირისპირებით სრულდება - გიგა ბოკერიას გუნდი ყოფილ თანაპარტიელებს ულტიმატუმს უყენებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ყოფილ თანაგუნდელთა ტაქტიკას და ლოგიკას იწუნებენ. წინასაარჩევნო ოპოზიციური ერთობა და ჩიხში შესული მოლაპარაკებები

 რეგიონებში ოპოზიციური კონსენსუსი დიდი ალბათობით არ შედგება – „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას „ნაციონალური მოძრაობა“ უარით პასუხობს. საუბარია იმ წინადადებაზე, რომელიც 22 რეგიონული მაჟორიტარული ოლქიდან, ყოფილი თანაგუნდელებისთვის მინიმუმ ოთხი ოლქის დათმობას გულისხმობს. თუ მომდევნო ორ დღეში შეთავაზება შეთანხმების საგანი არ გახდება, რეგიონებში საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს „ევროპული საქართველოც“, რომლისთვისაც გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული სტრატეგია – ანუ თბილისში კოორდინაცია, რეგიონებში კი კონკურენცია. იმის გამო, რომ თბილისის ორ ოლქზე გაერთიანებული ოპოზიცია ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საბურთალოს სახით, მესამე ოლქიც წაიღოს.