პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის სამი წევრი, სამი ქართული ტელეკომპანიის – „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის სანქცირებას ითხოვენ. მედიის ცნობით, ამ ინიციატივის ავტორები, პოლონელი დეპუტატები კშიშტობ ფრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი არიან. მოთხოვნის არგუმენტად – ამ ტელევიზიების მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებენ. სამი ევროპარლამენტარის არგუმენტსა და მოთხოვნას იზიარებს ქართული ოპოზიცია, რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს იმ პოლიტიკისა და თავისუფალ მედიაზე გარე ზეწოლის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, „იმედისა“ და „პოსტივის“ დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებით დაიწყო.