„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დრამატულად დაჩქარდა, ხოლო ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამოცხადებამ ქვეყანა სრულმასშტაბურ საკონსტიტუციო, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა კრიზისში ჩააგდო. რეზოლუციის თანახმად, „არალეგიტიმურ მთავრობას კვლავ მძევლად ჰყავს 52 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. ტექსტში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუციაში მოითხოვს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტების გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომლის დროსაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იფუნქციონირებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე. რეზოლუციის ტექსტში საუბარია სანქციების დაწესებაზეც. პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი პირადი სანქციები კონკრეტული ოფიციალური პირების და მოსამართლეების წინააღმდეგ, მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირის ფარგლებში; მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, განახორციელოს აუცილებელი ზომები ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გათიშვისთვის და დააწესოს სექტორული სანქციები იმ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს. მოწოდებაა, რომ არ ცნონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და აღიარონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქართველი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში.