ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია
საქართველოს საკითხზე დღეს იტალიაშიც ისაუბრეს.
რომში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან – უფლებამოსილების დათქმებით ცნობის გამო ქართული დელეგაცია 2025 წლის შემდეგ ასამბლეაში აღარ არის წარმოდგენილი. შალვა პაპუაშვილმა პასეს ხელმძღვანელს დღეს ის პირობები გააცნო, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო პლატფორმას დაუბრუნდება. სწორედ 2025 წლის ანგარიშის და საქართველოსთვის წაყენებული პირობების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ რომში მიმდინარე კონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გააკრიტიკა. ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე გამოსვლა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტების ტენდენციას და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მათ ინსტრუმენტებად გამოყენების გახშირებულ შემთხვევებს დაეთმო.