პასეს დელეგაცია პარლამენტში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები დილიდან პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან აუდიენციით დაიწყეს, სადაც მხარეებმა პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და უმრავლესობის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხი განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო ევროსაბჭოს და საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ პასეს დელეგაცია დახურულ კარს მიღმა ფრაქცია საქართველოსთვის წევრებს შეხვდა. სადაც გახარიას გუნდმა ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის მიზეზებზე და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებზე ისაუბრა. პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელ სოციალისტებს კი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა კითხვები, ძირითადად, ბოლო დროს მიღებულ კანონებზე, მათ შორის ფარას კანონზე დაუსვეს. პასეს დელეგაცია ასევე პოლიტიკურ ჯგუფს “ხალხის ძალას” შეხვდა. რამდენიმე წუთის წინ დელეგაციამ შეხვედრა, ფრაქცია ქართულ ოცნებასთან გამართა. დღის ბოლო შეხვედრა – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არჩილ გორდულაძესთან გაიმართება.