ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. მათ დღე პარლამენტის თავმჯდომარესთან აუდიენციით დაიწყეს. როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საუბარი შეეხო, როგორც 2024 წლის საპარლამენტო, ასევე – 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს, წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, რამაც პასე-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. შეხვედრაზე ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობასა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრეს. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. პასე-ს წარმომადგენლები დღესვე, ფრაქციას „საქართველოსთვის“, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ და „ხალხის ძალას“, გუშინ კი – ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიზანი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ სხვადასხვა მხარისგან ინფორმაციის მიღებაა, რაზეც ანგარიში მომზადდება.