ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მასშია ნათქვამი, თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ისინი გაასაჩივრებენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოუწოდებენ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი. განცხადებაში ასევე წერია: „2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამტკიცებდა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული პირობებით.
ნაცვლად ამისა, ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის წინაშე დგანან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია. გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიებისა და გამოყოფის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და უგულებელყოფს ასამბლეის ავტორიტეტს. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს ძირს უთხრის. “- ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებაში.
განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.