ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ დებატებს გამართავს და კენჭყს უყრის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების მონიტორინგის კომიტეტის მიერ, „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ მომზადებულ ანგარიშს, რომლის თანამომხსენებლებიც არიან ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი. ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის გაუარესება გაგრძელდა და ხელისუფლებამ არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა.
დოკუმენტი მოითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივის და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას. საგანმანათლებლო რეფორმის გამჭვირვალე მართვას. დემონსტრაციების დროს, პოლიციის ძალადობისა და წამების, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო გამოძიებას. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას და ღია პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს აღსადგენად. ასევე, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანა საქართველოს წინააღმდეგ.