სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დამტკიცდა დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები ხუთშაბათს ჩატარდება.
29 იანვარს ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება 2025 წლის აპრილამდე პირობითად მოხდება.
ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს: ინკლუზიური პროცესის დაწყებას საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად; ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას; საპოლიციო ძალადობის დასრულებას და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას 2025 წლის აპრილის სესიამდე. თუ პროგრესი არ იქნება, ასამბლეას შეუძლია, 2025 წლის აპრილში საქართველოს დელეგაციის მანდატები შეაჩეროს – ნათქვამია 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში.