ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება

იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. კომიტეტმა რუსეთ-საქართველოს საქმეზე, ქართულ მხარეს სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი და დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას გაუსვა ხაზი. კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები აღარ განმეორდეს. კომიტეტმა აგრეთვე გამოთქვა ღრმა წუხილი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები. ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი „ომის“ საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.