ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას გაუსვა ხაზი.

კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები აღარ განმეორდეს. კომიტეტმა აგრეთვე გამოთქვა ღრმა წუხილი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი „ომის“ საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.