ევროპის საბჭოს მინისტერიალი

ევროსაბჭო საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მისაღებად ემზადება. ჰელსინკიში ორგანიზაციის მინისტერიალი გაიხსნა, რომლის დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი. უნდა დამტკიცდეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 60-პუნქტიანი ანგარიში, რომელიც მთლიანად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება და იქ არსებულ უმძიმეს პირობებს აღწერს. მათ შორის საუბარია გახშირებულ გატაცებებზე და მკვლელობებზეც.

ანალოგიური შინაარსისაა საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი დოკუმენტი – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება. ორივე დოკუმენტში ასახული მწვავე გზავნილების მოსმენა პირადად მოუწევს რუსეთის პირველ დიპლომატს, რომელიც მინისტერიალს დაესწრება. რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოთხი წლის წინ შეჩერებული ხმის უფლების აღდგენას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა სწორედ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის გამო ევროსაბჭოს წევრთა დიდი ნაწილი ხმის აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია.