ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადება

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად, დაიცვას დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ევროსაბჭო მოითხოვს გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მათ შორის მზია ამაღლობელი. „ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან მთავრობის წინააღმდეგ გამართული პროტესტების არაძალადობრივ მონაწილეობაში, უნდა იქნენ გათავისუფლებული. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის მიმართაც კონგრესი გამოხატავს კონკრეტულ შეშფოთებას“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, რათა ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში, რაც თავის მხრივ გაუხსნის გზას ახალ ეროვნულ არჩევნებს. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს, ვინაიდან მათი ჩატარება მიმდინარე პირობებში ქმნის სიტუაციის გამწვავების რისკებს. ბიუროს სჯერა დემოკრატიული, ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესშია. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას სამთავრობო სისტემის ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი მზადაა, ნებისმიერი მხარდაჭერისთვის ამ მიზნის მიღწევაში. საქართველოზე დებატი ჩატარდება კონგრესის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.