ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი
საქართველოში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და ყველა მხარეს პირადად ხვდება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.
შეხვედრები ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიის დაშავებული წარმომადგენლების ნაწილთან – ხუთდღიანი ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია. ალენ ბერსე შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლა არაერთი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანია. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვა. მიზეზად სტუმრის მხრიდან აქციებზე დაკავებულებთან არ შეხვედრა და ციხეებში არ მისვლა დასახელდა. რა მისიით და მანდატით არის ჩამოსული ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში – მმართველი გუნდისთვის ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ეჭვები საბოლოოდ არის გაქარწყლებული, საპირისპიროს ამტკიცებენ ოპონენტები, რომლებიც ვიზიტს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას უკავშირებენ. ორდღიანი დატვირთული დღის წესრიგის შემდეგ ხვალ ალენ ბერსე მედიისთვის პირველ განცხადებას გააკეთებს.