ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი

28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შექმნილ მძიმე ვითარებას ადგილზე ეცნობა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.

ალენ ბერსე უკვე შეხვდა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ომბუდსმენს. შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. ვიზიტი ხვალაც გაგრძელდება. ბერსეს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუ მთავრობის მეთაურის განცხადებას დავეყრდნობით, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტს წინ უძღოდა ევროპის საბჭოს ოფისის განცხადება, სადაც ყველა მხარეს დაძაბულობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. მმართველი გუნდისთვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილს უსვამს, ბერსეს ვიზიტს სხვა მოტივით ხსნის ოპოზიცია, რომელიც ევროსაბჭოს მაღალჩინოსანს ხვალ შეხვდება.