ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში - შეფასებები თბილისში
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაჰერტის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია იზიარებს დოკუმენტის შინაარს, თუმცა, აცხადებს, რომ ცალკეული კანონების გაუქმება არ ცვლის საბოლოო შედეგს. მათი თქმით, მთავარი ამოცანაა ახალი პოლიტიკური პროცესი და ახალი არჩევნები. კრიტიკულია მმართველი გუნდის შეფასება: მათი თქმით, მსგავსი მოწოდებები მიუღებელია და არ აპირებენ გაზიარებას. მემორანდუმში კომისარი შეშფოთებასა და რეკომენდაციებს გამოთქვამს შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების დაცვასთან და ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით. კომისარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ სარწმუნო ანგარიშებისა, აღნიშნული დარღვევებისთვის არცერთი სამართალდამცავი პირი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული. ის ასევე საუბრობს ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევაზე, შეკრების თავისუფლების მარეგულირებელ კანონებში ბოლოდროინდელი ცვლილებების შეტანაზე, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევაზე და ლგბტ პირთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე. მაიკლ ო’ფლა-ჰერტი აყალიბებს რიგ რეკომენდაციებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებას ითვალისწინებს.