ევროპის დღე

9 მაისი ისტორიული თარიღია მთელი მსოფლიოსთვის.

ფაშიზმზე გამარჯვებასთან ერთად დღეს ევროპის დღეც აღინიშნება. სწორედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 72 წლის წინ ევროპის შესახებ ახალმა ხედვამ, შუმანის დეკლარაციამ და ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირის და ფოლადის თანამეგობრობის იდეამ ევროკავშირის შექმნას დაუდო სათავე. ომების წინააღმდეგ შექმნილი ევროპული გაერთიანების ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია – უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა – როგორ უნდა დაეხმაროს სამხედრო და ფინანსური კუთხით ევროპა უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორი უნდა იყოს ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და როგორ უნდა შემცირდეს ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე – ეს ევროპელი ლიდერების ყველაზე მთავარი საზრუნავია.

ევროპის დღე აღნიშნეს თბილისშიც. საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროინტეგრაციის გზის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზეა – სამი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება.