ევროპის ჩემპიონატი სპორტულ კარატეში

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 49 ქვეყნის 1 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 26 სპორტსმენით წარდგება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სპორტიდან გააცილეს ცნობილი ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია. მან კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა.

„თბილისი არენაზე“ ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, კარატეს მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.