მსოფლიო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მოლოდინში.
უკრაინაში ომის დასასრულებლად მორიგი შეხვედრა ისევ საუდის არაბეთში იგეგმება. ამერიკული მხარე ადასტურებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები სამშვიდობო შეთანხმებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ერთმანეთს მომდევნო კვირას შეხვდებიან. რუსეთზე ზეწოლის გაზრდა თავდასხმების შესაწყვეტად – ასე ესახება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა უკრაინის პრეზიდენტს. თავის მხრივ სამშვიდობო პროცესში საკუთარი როლის ხაზგასმას ცდილობს ევროპა. მშვიდობის მიღწევა ევროკავშირის მხარდაჭერით არის შესაძლებელი – ამ გზავნილით დასრულდა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტი, სადაც ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ. თავის მხრივ ევროპელი ლიდერების რიტორიკაში მტრულ განწყობას ხედავს და მათ ქმედებებს მშვიდობის დამყარების პროცესის ხელისშემშლელად მიიჩნევს მოსკოვი, საიდანაც დღეს მუქარის შემცველი გზავნილი გაჟღერდა. რუსეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა საფრანგეთის პირველი პირის შეთავაზებას. მაკრონი ევროპას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად საფრანგეთის ბირთვული არსენალის გამოყენებას სთავაზობს.