ევროპელი ლიდერები მოსკოვში ჩასასვლელად მზად არიან
ევროპელი ლიდერები მზად არიან, მოსკოვში ჩავიდნენ, თუ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მათ სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვთან დიალოგის დაწყების მთავარი პირობა იქნება რუსეთის თანხმობა, რომ ევროპელი წარმომადგენლები სამშვიდობო პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ შეერთებულ შტატებსა და უკრაინასთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში.
ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, გადამოწმდეს, რამდენად ერთნაირად ესმით მოლაპარაკებების პირობები უკრაინასა და შეერთებულ შტატებს.
19 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპელების მოლაპარაკებებში ჩართვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, მისივე თქმით, მანამდე ისინი რუსეთში უნდა ჩავიდნენ და საკითხი ადგილზე განიხილონ.