დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, ძირითადად მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება. დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი. შვიდი პოლიტიკური ჯგუფიდან ექვსი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, ხოლო ევროპარლამენტარებმა, პეტრ ბისტრონმა, ტომაშ ფროელიხმა, ჰანს ნოიჰოფმა და ალექსანდერ სელმა „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის სახელით ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინეს. ერთ-ერთი რეზოლუციის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“. მათი რეზოლუცია ითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ „სისტემურ თავდასხმაში“ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ამასთან, რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას; „ლიბერალების“ ჯგუფი ასევე ითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მათი მოთხოვნის ერთი ნაწილი კი – უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. „ევროსკეპტიკოსთა ჯგუფის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის ალტერნატიული პროექტში კი – ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო იურიდიული სტანდარტების ფართო შესაბამისობით, ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა ახალი ხელისუფლების მიმართ. გარდა ამისა, გამოთქმულია შეშფოთება „ოპოზიციის მოქმედებებში უცხოელი აქტორების აქტიური ჩართულობის შესახებ“, რომლებიც მიზნად ისახავენ არჩეული ხელისუფლების დამხობას არაკონსტიტუციური საშუალებებით.