ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია წარედგინა. საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი დოკუმენტი „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროდეპუტატებმა – ჰანს ნოიჰოფმა, ალექსანდერ ზელიმ, პეტრ ბისტრონიმ, ტომაშ ფროელიხმა, პეტარ ვოლგინმა, სტანისლავ სტოიანოვმა რეზოლუციის პროექტი წარადგინეს. რეზოლუციის მიხედვით, აღნიშნული საპარლამენტო ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან. „იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მათ შორის უარს ამბობს აღიაროს, საქართველოში არჩევნების ლეგიტიმურობა და აგრძელებს მხარდაჭერას ოპოზიციური მოძრაობებისადმი, ეს საფრთხეს უქმნის ნდობას და ასუსტებს რეგიონში ევროკავშირის სანდოობას; ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი განმტკიცებულია გაერო-ს ქარტიის მუხლებში, და ევროკავშირის მიერ საქართველოს დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის უგულებელყოფა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას; ვინაიდან საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, ჩაებას კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ევროკავშირთან, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთმა ინსტიტუტმა უარი თქვა ამ გახსნილობის აღიარებაზე, არჩია რა სანაცვლოდ ქვეყანაზე ცალმხრივი მოთხოვნების დაწესება; ვინაიდან ევროკავშირის დაჟინება რეგიონული და კულტურული მოსაზრებების უგულებელყოფაზე – როგორიცაა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უცხოურ გავლენასთან და საჯარო მორალთან დაკავშირებულ კანონებზე – უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს; ვინაიდან ევროკავშირი აგრძელებს ზეწოლას საქართველოზე, მათ შორის სანქციების მუქარით და ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებით, ეს წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც ევროკავშირს აშორებს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში. ასევე რეზოლუციის პროექტის მიხედვით „პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და უნდა განხორციელდეს გარე ჩარევის ან ზეწოლის გარეშე; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას ჩაებას ღია დიალოგში, ნაცვლად ცალმხრივი მოთხოვნების დაწესებისა, რომლებიც უგულებელყოფენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას; მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან ნაცვლად ინტეგრაციის ხელშეწყობისა; მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ხაზი გაუსვას ორმხრივ სარგებელს ისეთ მთავარ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ვაჭრობა და რეგიონული სტაბილურობა, ნაცვლად იდეოლოგიურ უთანხმოებებზე ფოკუსირებისა; აფრთხილებს, რომ ევროკავშირის ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლის პოლიტიკამ საქართველოში, შესაძლოა, შეასუსტოს ევროკავშირის პოზიციონირება კავკასიის რეგიონში, დააზიანოს მისი უნარი დაამყაროს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მდგრადი პარტნიორობა; აფრთხილებს, რომ ევროკავშირის მუდმივმა ჩარევამ საქართველოს შიდა საქმეებში შეიძლება, გააღვივოს ძლიერი ანტიევროპული განწყობები ქართულ საზოგადოებაში; მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს იმ ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ნაცვლად ამისა, ყურადღება გაამახვილოს ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებაზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუვერენიტეტი და დემოკრატია არ შეიძლება, იყოს სელექციურად გამოყენებული და საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, მათ შორის ევროკავშირს, პატივი სცეს თვითგამორკვევისა და ჩაურევლობის პრინციპებს; მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს საქართველოს მიმართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა, აღიაროს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები კონფრონტაციული მიდგომის ნაცვლად; “, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.