ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან. დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ „საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“. რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს. ამასთან, რეზოლუციის მხარდამჭერები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გააუქმოს დებულებები, რომლებიც აკრძალულ პარტიებსა და პირებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს; გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების „ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის დაბრკოლებების დასრულებისკენ“. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“. რეზოლუციის კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტში, სადაც პროექტის ავტორებმა თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს.