ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში განიხილა

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროპარლამენტში მსჯელობენ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში მოისმინეს. მისი შეფასებით, „კოვიდ-19“-ის გამო დაკარგული დროის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი დასრულდეს, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმა შედგეს. ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანების უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასა და ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.

მომხსენებლის, სვენ მიქსერის განცხადებით, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში არის ფართო კონსენსუსი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე არის ფართო მხარდაჭერა საქართველოს ლეგიტიმური მისწრაფებისადმი, მოახდინოს ევროპულ სტრუქტურებთან უფრო მეტად ინტეგრაცია.

„ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ევროკავშირი არ ეხმარება მხოლოდ კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, – განაცხადა მიქსერმა.

ევროპარლამენტარების გამოსვლაში ძირითადი აქცენტი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე, საქართველოს მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ წარმატებულ ქმედებებსა და პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე გაკეთდა. დეპუტატ მარინა კალიურანდის თქმით, ის მოუწოდებს  კოლეგებს: „ვიყოთ თავშეკავებული, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ვიყოთ სამართლიანები. გვახსოვდეს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება, რომელიც კეთდება, იყოს გადამოწმებული. კოლეგებს ამისკენ მოვუწოდებ, რომ გადავამოწმოთ ფაქტები, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით. თუ ვაკეთებთ პერსონალურ განცხადებებს, დავაკონკრეტოთ, რომ ეს არის პერსონალური განცხადებები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.