ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი 

12:12, 09.07.2025

ახალი საპარლამენტო არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარება, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მოწოდება – ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ის ძირითადი საკითხები, რომლის კენჭისყრაც დღეს გაიმართება. რეზოლუციაში წერია: „საქართველო ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებსა და რომლის შედეგადაც შეიქმნა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისგან, „ქართული ოცნებისგან“ შემდგარი არალეგიტიმური პარლამენტი, ხოლო გაყალბებული არჩევნები მოიცავდა ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დამკვირვებლების დევნას,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

როგორც პროექტშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ზეწოლას, სამართლებრივ შეზღუდვასა და ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. ევროპარლამენტი ასევე კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ. ისმის მოწოდებები თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც.

„მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიყენოს ამ არჩევნებით შექმნილი შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. მოვუწოდებთ, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი,“ – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

მსგავსი