ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

„საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. დოკუმენტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ის ევროპარლამენტში ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციების პროექტებს აერთიანებს. პროექტში კრიტიკულად არის შეფასებული 26 ოქტომბრის არჩევნები, სხვადასხვა დასკვნებთან ერთად ავტორები ეყრდნობიან სალომე ზურაბიშვილის შეფასებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები დაგმო. ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. აქვე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დააწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მის ოჯახის და მისი კომპანიების მიმართ. პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს; ასევე მოსამართლეებს და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს, მედიასაშუალებების , მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, „პოსტ TV“-ისა და „რუსთავი 2“-ი მფლობელებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს. რეზოლუციის პროექტში საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ არის მოხსენიებული არალეგიტიმურად, თუმცა პარალელურად, ამავე რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი და დაუბრუნდეს ქართველი ხალხის ნების განხორციელებას დემოკრატიული რეფორმებით. ამასთან, პროექტის მიხედვით, თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 120 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და მოუწოდებს კომისიას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს ამ ჯგუფების მხარდაჭერა.