ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია. დოკუმენტი სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ იწონებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ევროპარლამენტში რეზოლუცია გუშინ 324 ხმით – 25-ის წინააღმდეგ მიიღეს. დოკუმენტით მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. რეზოლუცია გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და სისხლისსამართლებრივ დევნას; ასევე გმობს „ქართული ოცნების“ სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო.

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებული პირები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა. ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის fara-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; სინანულს გამოთქვამს, ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე.