ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენილი არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა თავი შეიკავა. კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციაში ერთი შესწორების შეტანას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველომ 26 ოქტომბერს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. რეზოლუციაში აღნიშნულია მოწოდება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისადმი „დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახი კალაძეზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე“. ამავე რეზოლუციის ავტორები ითხოვენ პერსონალური სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზე. ამასთან, ავტორები „მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული. რეზოლუციის მიხედვით, მისი ავტორები გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რომელიც როგორც აცხადებენ, იყო „ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთი მცდელობა“.