ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

„საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი რეზოლუციის შინაარსს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიღებულ დოკუმენტში ბევრი უზუსტობა, სიცრუე და ცილისწამებაა ასახული, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ევროკავშირში მძლავრია გარე გავლენები. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. მათი განცხადებით, რეზოლუციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახეზეა პოლიტიკურ-კონსტიტუციური კრიზისი და ამ კრიზისის განსამუხტად საჭიროა ხელახალი არჩევნები.

ევროპარლამენტმა გუშინ 400 ხმით დაამტკიცა ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.

გაკეთებულია მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, საუბარია სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებაზე. დეპუტატები კონკრეტული პირების დასანქცირებას ითხოვენ. ძალაში რჩება ჰუმანიტარული საფუძვლით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.