ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია ისევ განხილვის თემაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირში თვალს ადევნებენ ტრაგიკომედიას და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში ტყუილებია ასახული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია იქნება სამოქმედო გეგმა ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტებისთვის, ისინი ფიქრობენ, რომ ამ რეზოლუციას სანქციები მოჰყვება. რაც შეეხება პარტია „გახარია – საქართველოსათვის“, ისინი  ყურადღებას ამახვილებენ რეზოლუციაში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე და აღნიშნავენ,  რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ მოწოდებები ვერ იმოქმედებს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია მოახლოებულ არჩევნებზე, გაუარესებულ სამართლებრივ გარემოზე, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირებაზე. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა.