ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მეორე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. დოკუმენტს „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის დანიშნულება საქართველოში რადიკალებისთვის სასიცოცხლო ენერგიის მიცემაა. ხელისუფლების ოპონენტები კი მის შინაარსს იწონებენ და აღნიშნავენ, რომ ადრე მიღებულ დოკუმენტებთან შედარებით, ეს რეზოლუცია ყველაზე მძიმეა. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 49 ევროპარლამენტარმა. დოკუმენტის დამტკიცებამდე რეზოლუციის ტექსტი განახლდა და მასში რამდენიმე შესწორება შევიდა. კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში ჩატარდება. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ნებისმიერის მონაწილეობა ახალი სტატუს-კვოს აღიარებად იქნება გამოყენებული. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ არ გათავისუფლდებიან ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერები და თუ არ გაუწევს არჩევნებს ზედამხედველობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ამავე შეთანხმებაში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით.
რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა.