რეზოლუციის კანონპროექტი ევროპარლამენტში - შეფასებები

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ხვალ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს. რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორი „ევროპის სახალხო პარტია“, მეორე ტექსტის კი – „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფია“. სახალხო პარტიის მიერ მომზადებულ ტექსტში, რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება. მათი თქმით, „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობენ. „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით კი, შეიძლება ამ რეზოლუციაში იყოს სიმართლის მარცვალიც, მაგრამ ასევეა ბევრი არაზუსტი ინფორმაცია. ამასთან, მისი თქმით, ევროპარლამენტარების მიმართ ნდობა საქართველოში ნაკლებად აქვთ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თავის ავტორიტეტსა და ძალას სულ უფრო კარგავს, რადგან მისი შინაარსი აცდენილია ფაქტებსა და რეალობას.