ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოზე

ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუცია საქართველოზე შეფასებების თემაა თბილისში. რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გუშინ მიიღეს, გაკრიტიკებულია პრაქტიკულად ყველა სფერო. დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების რღვევა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის დევნა, არჩევნების გაყალბება, და ავტორიტარიზმისკენ სვლა – ასეთია ძირითადი გზავნილები. მოთხოვნებია რეპრესიებად მიჩნეული კანონების გაუქმება, პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლება, სავიზო და ფინანსური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, და ცალკეული მედიების „ტვ იმედის“, პოსტივის და „რუსთავი 2“-ის სანქცირება. რეზოლუციის ავტორები ითხოვენ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირებიც.