ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია – პრემიერის კომენტარი
ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. 70-მდე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი – სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, კენჭისყრისას 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
დოკუმენტით ასევე „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიასა და პროტესტის დროს დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ. დოკუმენტში მიმართვაა ხელისუფლებისადმი, რომ „გააუქმოს დებულებები, რომლებიც მათი შეფასებით, აკრძალულ პარტიებსა და პირებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს; ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა პრემიერი.