ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია და მოთხოვნები 

ბოლო ორი წლის შეფასება მძიმე ფორმულირებებით და უმკაცრესი მოწოდებებით – საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია ამჯერადაც კრიტიკული გზავნილებით და მძიმე შეფასებებითაა სავსე.

490 მომხრე, 147 წინააღმდეგი – ასე გადანაწილდა ხმები იმ დოკუმენტის გარშემო, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ უახლოეს თვეებში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ, პარლამენტსა და პრეზიდენტს კი არალეგიტიმურად აცხადებენ. ევროკავშირის ქვეყნების მიმართ მოწოდებაა, რომ არ შეხვდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. მოთხოვნებს შორისაა პერსონალური სანქციების დაწესება, მათ შორის საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, ფინანსური სისტემის სვიფტიდან გათიშვა, სექტორული სანქციები, პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენიებული პოლიტიკოსების გათავისუფლება, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა. ცალკე ჩანაწერი ეთმობა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც რეზოლუციის მომხრეები ხალხის არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობად არ განიხილავენ. არანაკლებ მწვავეა გამოხმაურება თბილისიდან.