ევროპარლამენტის განცხადება

ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ორი წლის წინ ამოქმედებული ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება შეაჯამეს.

„საქართველოს აქვს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ევროპულ დღის წესრიგზე პარტიებს შორის კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების შეთანხმების შესრულება კარგად მიდის. ჩვენ ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმთან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცველების მხრიდან დარღვევები, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროკავშირი და ევროპარლამენტი შეინარჩუნებს ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მის ამბიციურ გზაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 43 ხმით, შვიდის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას.  რაც შეეხება მოლდოვას, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ მოლდოვა დემოკრატიულ სტანდარტებსა და კანონის უზენაესობის მხრივ უკუსვლას განიცდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.