ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები

მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა – ევროპარლამენტის უმრავლესობაში ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა 720-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში ამჯერადაც ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა და, შესაბამისად, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის სტატუსი შეინარჩუნა. მეორე ადგილზეა მამარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ჯგუფი.

გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ტენდენცია: შედარებით დაწინაურდნენ და გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვთ მემარჯვენე და კონსერვატიულ ძალებს. გარკვეულწილად შესუსტდა ლიბერალური ჯგუფის პოზიციები. ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ძალთა ბალანსი ახალი მოწვევის პარლამენტში და ცალკეულ საკითხებზე უთანხმოების ფონზე, როგორ შეძლებენ პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ალიანსების ფორმირებას. არანაკლები ინტერესის საგანია ისიც, თუ როგორ აისახება არჩევნების შედეგები ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლზე და ევროკომისრების შემადგენლობაზე.