ევროპის ახალი პოლიტიკური რეალობა – ოთხდღიანი არჩევნები დასრულებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამომრჩევლებმა ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა აირჩიეს. შედეგებმა მთელი რიგი პოლიტიკური ცვლილებები და რყევები გამოიწვია. პირველადი მონაცემების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნეს – საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არასახარბიელო შედეგით დასრულდა. მარი ლეპენის ულტრამემარჯვენეების დაწინაურების ფონზე, მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა.
კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა გერმანიისთვისაც – გერმანიის კანცლერის პარტიას მხარდაჭერის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ცვლილებებია ბელგიაშიც, სადაც ქვეყნის პრემიერი გადადგა. ბელგიაშიც მემარჯვენე ნაციონალისტური გაერთიანება ლიდერობს, რომელსაც გადამდგარი პრემიერის პარტია თითქმის სამჯერ ჩამორჩება, განსხვავებით იტალიისგან, სადაც მთავრობის მეთაურის კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა და წინა არჩევნებთან შედარებით, პოზიცია მკვეთრად გაიუმჯობესა.