ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14 იყო წინააღმდეგი, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა. ოფიციალურად გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია – ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ სვლის აშკარა გარდამტეხი მომენტი. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას. ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას. „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნების მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშის პროექტს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ. სხდომას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.