ევროპარლამენტის ანგარიში - ოპოზიციის საარჩევნო გეგმა

როგორია ოპოზიციის გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების პირველი ღია მოწოდება გაისმა ქართული ოპოზიციის მისამართით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში წერია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. პარტია „ლელოს“ აზრით, მოწოდება მათ მოსაზრებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ანგარიშში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწოდება არ იკითხება და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობების არსებობის აუცილებლობაზეა გამახვილებული ყურადღება. აღნიშნულ საკითხს აფასებენ მმართველ გუნდშიც.