ევროპარლამენტის ანგარიში - ოპოზიციის საარჩევნო გეგმა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი კვლავ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში. ამ საკითხზე სიცხადე არც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში მოხვედრილ ევროპარლამენტარების მოსაზრებას შეუტანია, უფრო მეტიც – საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ანგარიშში მოხვედრილ ჩანაწერსაც კი – ოპოზიცია განსხვავებულად კითხულობს და აფასებს. „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების განსხვავებული მოსაზრებების ფონზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც კვლავ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა უკვირს ის, თუ რატომ ფიქრობს ზოგიერთი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

მონაწილეობის შემთხვევაში დამარცხებას, არ მონაწილეობისას კი – პოლიტიკური ველიდან გაქრობას უწინასწარმეტყველებს ოპონენტებს მმართველი გუნდი. ისინი თვლიან, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებები გარედან მიღებულ დავალებებზეა დამოკიდებული. თავად მმართველი გუნდი კი – უკვე საუბრობს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგალითად, დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე „ქართული ოცნებისთვის“ უალტერნატივოა.