ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილები

ევროკავშირის უშედეგო მედიაციის შემდეგ საქართველო პირველ სერიოზულ სიგნალს იღებს.

შვიდი წამყვანი ევროპარლამენტარი ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი ფინანსური დახმარების შეჩერებას ითხოვს. „კომპრომისზე უარის შემდეგ არ უნდა ელოდოთ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივად გაგრძელებას“, – ასეთია მთავარი გზავნილი განცხადებიდან, რომლის ავტორები შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს სრულად იზიარებენ და მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში ორივე მხარის ბრალეულობას ხედავენ. აისახება თუ არა კრისტიან დანიელსონის წარუმატებელი მედიაცია და ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირიდან მისაღებ ფინანსურ რესურსებზე, რასაც პანდემიის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – მმართველ გუნდში ფინანსურ სანქციებს გამორიცხავენ და დამდგარ რეალობაზე მთელ პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებენ. სხვა მოლოდინი აქვს ოპოზიციას, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას ასევე ვერ ხედავს და ბრიუსელის გზავნილს პრემიერის გუშინდელ განცხადებას უკავშირებს.

 

დატოვე კომენტარი