ევროპარლამენტარების განცხადება

„ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – ამის შესახებ სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დეტალური წინადადების – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერით. ახალი ტექსტი უფრო ფართოდ პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხებს, საარჩევნო რეფორმის ჩარჩოსა და მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს წინადადება არის პოლიტიკურად დაბალანსებული და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დისკუსიის ცენტრში აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებას შეძლებს უახლოეს მომავალში და უზრუნველყოფს, რომ შეთანხმება სრულად არის ამოქმედებული, როგორც სიტყვიერად, ისე სულისკვეთებით. ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, გაუწიოს მხარდაჭერა, მათ შორის საპარლამენტო, საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის გზით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მოამბე