ევროპა სამხედრო გადაიარაღების გეგმას განიხილავს  

ევროკავშირი თავდაცვის გაძლიერების კუთხით აქტიურ მოქმედებას იწყებს.

პარიზსა და ლონდონში გამართული შეხვედრების შემდეგ ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტზე ბრიუსელში შეიკრიბნენ. მთავარი განსახილველი საკითხი ევროპის გადაიარაღების გეგმა, კონტინენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება და უკრაინის მხარდაჭერაა. ევროგაერთიანებამ საერთო ევროპული თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც შტატების ახალი ადმინიტრაციის რადიკალურად შეცვლილი საგარეო პოლიტიკა ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარა ოვალურ ოფისში გამართულმა სკანდალურმა შეხვედრამ. ბრიუსელის საგანგებო სამიტს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვაც. ემანუელ მაკრონი რუსეთისგან თავის დასაცავად ევროპელ მოკავშირეებს საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას სთავაზობს. მაკრონის ბირთვულ რიტორიკას კრემლიდან უკვე უპასუხეს და მის განცხადებას ზედმეტად კონფრონტაციული უწოდეს. ვაშინგტონში კი განაცხადეს, რომ ორივე მხრიდან დათმობების ხარჯზე, ჩიხში შესული კონფლიქტი უნდა დასრულდეს.