ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ცდილობს

რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირი მასზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ ევროპის ქვეყნების მიმართ ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენება დაიწყო, ევროპამ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ალტერნატიული გზების მოძიება და რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება დაისახა. სპეციალური გეგმა უკვე მზად არის და ის ევროკომისიის პრეზიდენტმა წარადგინა. სტრატეგია რუსეთის ნაცვლად სხვა სანდო მიმწოდებლების მოძებნას და მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას გულისხმობს, რისთვისაც ევროკავშირი სოლიდური თანხის მობილიზებას გეგმავს. თუმცა არის დაბრკოლებაც – რუსული ნავთობის ემბარგოზე ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. რუსული შავი ოქროს იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება და სანქციების მეექვსე პაკეტს ბლოკავს უნგრეთი, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული ევროპული ქვეყანაა.