ევროკომისიის წერილი – გამოხმაურება

18:19, 16.07.2025
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს, სადაც მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.
წერილს თან ერთვის რეკომენდაციების სრული სია: უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება. გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები. შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას. გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ. შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და განკარგვის კუთხით. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები. შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს. წერილში აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.

მსგავსი