ბრიუსელი თბილისს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე აფრთხილებს.
ევროკომისიიდან მიღებული წერილის შინაარსს საქართველოში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. წერილში გაწერილია პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში 2017 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. მოწოდებებს შორისაა ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება და ანტიკორუფციული ბიუროს კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტოა მითითებული. მოთხოვნების ჩამონათვალი ვრცელია. მმართველი გუნდი რამდენიმე საკითხზე დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ცალკეული კანონების გაუქმება წითელ ხაზად ცხადდება. ხელისუფლებისგან გასხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს ევროკომისიის მოთხოვნების სასწრაფოდ შესრულებისკენ მოუწოდებს. იგივე გზავნილი იკითხება 37 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშიც.
ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობის და დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების ფონზე ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენება, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.