ევროკომისიის წერილი და მოთხოვნები – გამოხმაურება თბილისში
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილი ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. წერილში გაწერილია პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ, შესაძლოა გადაიხედოს. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არსებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ევროკავშირს მოუწევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ არსებული დათქმებით, ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს, რაც მიუღებელია. ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება და ანტიკორუფციული ბიუროს კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული. მმართველი გუნდი რამდენიმე საკითხზე დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, არის საკითხები, რაც მიუღებელია.