ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკომისრის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის დატოვების თაობაზე სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები დააწერინეს, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა დიალოგზე საუბრობენ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, კობახიძის განცხადებით, მათ ქვეყანაში ვითარების ასარევად კონკრეტული ძალები იყენებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ყველა საერთაშორისო გამოხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.

შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეუთო-ოდირის დასკვნას დაელოდონ. მათი პოზიციაა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება საზოგადოებაზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს და გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უფლებებსა და მედიის თავისუფლებას შელახავს.

განცხადების ავტორები განსხვავებული პოზიციების მქონე მოქალაქეების დაშინების ტაქტიკაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო, სამიზნეები გახდნენ. განცხადებაში საუბარია მზია ამაღლობელზეც.