ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა გაწერილია – ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ახალი რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა იწყება.

განსაზღვრეს უწყებები, რომლებმაც გასატარებელ რეფორმებზე უნდა იზრუნონ, დაკონკრეტებულია ვადებიც. მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო მოვლენების ეპიცენტრში ამჯერადაც პარლამენტი იქნება. ახლა საინტერესოა, დასხდება თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ მაგიდასთან. ინკლუზიური პროცესის წარმართვა და ერთობლივი მუშაობა ბრიუსელიდან მთავარი გზავნილია. თუმცა, დაანონსებულ სამუშაო ჯგუფებში მთელი ოპოზიციური სპექტრის ჩართვა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველი გუნდი ოპონენტებთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, ორივე მხარე სკეპტიკურადაა განწყობილი. არჩევნები, სასამართლო რეფორმა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება 9-პუნქტიანი გეგმის ნაწილია.